უნგრეთმა 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. ტურნირზე ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადა მე-6 ადგილზე დაასრულა, ვაჟ მოჭადრაკე ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა.
უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნანა ძაგნიძე, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები და ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის – ფიდეს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ბოლო 100 წლის განმავლობაში გამორჩეული საჭადრაკო მოღვაწეები და ცალკეული ორგანიზაციები განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი.