ქართველ პარალიმპიელ გიგა ოჩხიკიძეს პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედალი გაუუქმეს.
ოჩხიკიძემ 6 სროლიდან ორი გამოიყენა, აქედან ერთ-ერთი 9.66 მეტრზე იყო ნასროლი, რაც მსოფლიო რეკორდია, თუმცა პოლონეთის და მაროკოს დელეგაციებმა შედეგი გააპროტესტეს. ვიდეო განხილვის შემდეგ ქართველს შედეგი გაუუქმდა.
აღნიშნული მოქმედება ქართველთა დელეგაციამაც გაასაჩივრა და ეს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. 5 სექტემბერს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიო პარალიმპიური თამაშების ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება. ქართველთა თქმით, არცერთი პარალიმპიელი სპორტსმენი არ უნდა იჩაგრებოდეს.
“ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.
5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.
დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარაათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფლებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს”, – აცხადებენ ფედერაციაში.