საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, სექტემბერში გამართული მატჩები შეაფასა და ოქტომბრის მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის იმედი გამოთქვა.
“ნიდერლანდებთან რთული თამაში გამოდგა, მარცხი ყოველთვის საწყენია. თუმცა ოქტომბერში შვედეთში ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ და პირველ 15 წუთს არ ჩავთვლით, დანარჩენ მონაკვეთებში გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა.
ვენლოში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც ახალგაზრდულ ნაკრებში და, საერთოდ, ასეთი დონის გუნდთან პირველად ითამაშეს. ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე მოვედით შრომით, გუნდურობით, ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებას მივაღწევთ.
ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა, მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისიც, მთელი დაცვის ხაზი შეიცვალა, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს საბა ხვადაგიანს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ს შესარჩევ ჯგუფში ორი მატჩი დარჩა გასამართი – 10 ოქტომბერს ქართველი ახალგაზრდები შვედეთს ესტუმრებიან, ხოლო 15 ოქტომბერს ქუთაისის “შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ.