spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ნოემბერში ბორჯღალოსნები სამი მაღალი დონის ტესტმატჩს გამართავენ

ცხელი ზაფხულის შემდეგ, ნოემბერში ბორჯღალოსნები სამი მაღალი დონის ტესტმატჩს გამართავენ.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემოდგომის სერიას 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან, ოლ ბლექსი XV-თან რკენით გავხსნით, 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას შევხვდებით.

ნოემბერს მონპელიეში ვიწყებთ

ახალ ზელანდიურ ოლ ბლექსი XV-ს საფრანგეთში, მონპელიეში ვეთამაშებით. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა აქამდე არასდროს გვითამაშია. მსოფლიო თასზე კი ოლ ბლექსს 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 იმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა საერთო მოწონება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გახდა.

რაც შეეხება ოლ ბლექსი XV-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს, მიზნად კი ყველა თამაშში გამარჯვება აქვს დასახული. ოლ ბლექსი XV ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან სამი აქვს მოგებული. 2022 წელს, სადებიუტო მატჩში მან ირლანდია ა 47:19 დაამარცხა, ერთი კვირის თავზე კი ბარბაროსებთან 31:35 დამარცხდა.

შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 41:27. ბორჯღალოსნებთან თამაშამდე ოლ ბლექსი XV 2 ნოემბერს ირლანდიურ ‘მანსთერს’ შეხვდება.

ნოემბრის ტესტ-მატჩებიდან ყველაზე ადრე იტალიასთან თამაში დადასტურდა და ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა. შეგახსენებთ, რომ თამაში 17 ნოემბერს გენუაში, საქართველოს დროით 17:40 საათზე დაიწყება.

ტონგასთან თბილისში

წლის დასკვნით თამაშს ბორჯღალოსნები თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ და 24 ნოემბერს ტონგას უმასპინძლებენ. ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იქნება და კუნძულელები მეოთხედ ეწვევიან საქართველოს.

ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ 1999 წელს შედგა. მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ტონგელებმა საკუთარ მოედანზე 37:6 მოიგეს. სამი კვირის თავზე „ეროვნულ სტადიონზე“ რევანში შედგა – 28:27, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში მაშინ მსოფლიო თასზე მეტოქე გავიდა.

2014 წელს ტონგა საქართველოს მეორედ ეწვია, ამჯერად ტესტმატჩის გასამართად და 23:9 იმარჯვა. მას შემდეგ კიდევ ოთხი თამაში შედგა და ყველა მათგანში გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ.

ერთ-ერთი მთავარი ჯახი 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა. ბორჯღალოსნებმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში ტონგას დაძაბულ ბრძოლაში 17:10 მოუგეს, იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე გამარჯვებაც მოიპოვეს და ჯერჯერობით საუკეთესო ტურნირი ჩაატარეს.

2016 და 2018 წლებში ტონგელებს ორჯერ ვეთამაშეთ ფიჯიზე, სუვაში და ორივეში მცირედი სხვაობით მოვუგეთ – 23:20 და 16:15. 2018 წელს ტონგა ერთხელაც გვეწვია თბილისში და „მიხეილ მესხზე“ ჯერჯერობით სარეკორდო სხვაობით, 20:9 დავამარცხეთ.

ამრიგად, ტონგასთან გამართული 7 შეხვედრიდან მოვიგეთ 5 და დავთმეთ 2. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს გაუტანეს 119 ქულა და 11 ლელო, თავად კი 141 ქულა და 17 ლელო მიიღეს.

Rugby.ge

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები