“მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა კლარენს ზეედორფმა, კაკამ და იბრაჰიმ ბამ, დღეს დაგეგმილ ლეგენდების მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ძალიან უხარიათ საქართველოს ლეგენდებთან თამაში, თუმცა ისინი მხოლოდ მოგებას განიხილავენ.
კლარენს ზეედორფი: „მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის. თბილისში რამდენჯერმე მომიხდა ჩამოსვლა და მადლობელი ვარ, რომ არის საშუალება, ასეთ მატჩში მონაწილეობა მივიღოთ. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ევრო 2024-ზე კარგი თამაში აჩვენა, კონკურენტუნარიანი გუნდია და აქვს პოტენციალი, მომავალში უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“.
კაკა: „ზეედორფისგან განსხვავებით, საქართველოში პირველად ვარ და სასიამოვნო იმის განცდა, როგორ უყვართ აქ „მილანი“. ასევე სასიამოვნოა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები დღევანდელ მატჩს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძლიერ გუნდებში თამაშობენ, ჩვენ კალას გამო თქვენს ნაკრებს ვგულშემატკივრობთ“.
იბრაჰიმ ბა: „გვიხარია, რომ კახა კალაძეს და საქართველოს ნაკრებს შევხვდებით. მაგრამ ეს “მილანია“, ყველგან მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე იქნება“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდების და “მილანის” ლეგენდების დაპირისპირება, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე გაიმართება.