თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა.
კალაძემ ისაუბრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში მდებარე სტადიონის შესახებაც, სადაც გუშინდელი თამაში გაიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საფარის მქონე მოედანზე თამაში არ უნდა ჩატარებულიყო.
“რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. მადლობა მწვრთნელს. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, უამრავი ადამიანი მივიდა სტადიონზე. ასევე, აქ საქართველოში, პირველი რესპუბლიკის მოედანი, სადაც ღია ჩვენება გავმართეთ, ხალხით გადავსებული იყო.
აუცილებლად მინდა ვთქვა სტადიონზე. წარმოუდგენელია, რომ ასეთი დონის შეხვედრა იმართება და უფლებას აძლევენ მსგავსი ტიპის საფარის მქონე სტადიონს, რომ შეხვედრა ჩატარდეს. რაც შეეხება თამაშის ანალიზს, მე დეტალებში არ შევალ. ვილი სანიოლმა უკეთესად იცის, რა იყო პრობლემა, რა არის გამოსასწორებელი.
ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში. არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო – გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
გვქონდა შანსებიც, მომენტებიც, მაგრამ ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ. ჩვენ თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავხაროთ, თავაწეულები უნდა ვიყოთ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება ალბანეთთან. უნდა მოვემზადოთ, ვაჩვენოთ ღირსეული თამაში და დავდოთ შესაბამისი შედეგი.
ბიჭებო, ყველაფერი მაგრად იქნება! წინ ბევრი გამარჯვება გველოდება. კიდევ ბევრჯერ გვაჩვენებთ ლამაზ ფეხბურთს, კიდევ ბევრჯერ გაახარებთ გულშემატკივარს. წარმატებები და გამარჯვებები თქვენ! იარეთ თავაწეულებმა, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება“, – განაცხადა კალაძემ.