© www.wikipedia.org – Davit Kipiani
Davit Kipiani
ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.
დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს თბილისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 35-ე სკოლაში მწვრთნელ ფ. ჭელიძის ხელმძღვანელობით.
იცავდა თბილისის “ლოკომოტივის“, თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).ღირსების ორდენის კავალერი.
1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.
საკლუბო კარიერა
1968 წელს, ყიფიანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, სოჭში გამართული “იმედის თასის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ამ გუნდმა თბილისში, საბჭოთა კავშირის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2:1 დაამარცხა.
1970 წელს თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივში“ (1970), ხოლო 1971–1982 წლებში თბილისის „დინამოში“.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. “კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის “დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3:1 ამარცხებენ.
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი, გაიტანა 79 გოლი; ევროტურნირებზე 35 მატჩი, 16 გოლი. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი. იყო ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976), ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981).
სანაკრებო კარიერა
1974–1981 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და 7 ბურთი გაიტანა.
პირველად ეროვნული ნაკრების მაისურით 1974 წლის 17 აპრილს, იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ქალაქ ზენიცაში, სტადიონ „ბილინო პოლეზე“ გაიმართა.
დავით ყიფიანი მინდორზე შეხვედრის მეორე ნახევარში გამოვიდა ვლადიმერ ფედოტოვის ნაცვლად და უკვე ოთხ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება — თავისი პირველი და ამავე დროს გამარჯვების მომტანი გოლი პირველივე სანაკრებო შეხვედრაში. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრაც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.
სამწვრთნელო კარიერა
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“, იაროსლავლის „შინიკის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ (1990, 1995, 1996, 1997) და ქუთაისის „ტორპერდო“ (2000, 2001) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე “დინამომ“ (1995, 1996, 1997) და “ტორპედომ“ (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.
ფაქტები
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც დავით ყიფიანი 1976 წლის საქართველოს მეოთხე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0–4).
გაზეთ “სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად დავით ყიფიანი (მიხეილ მესხის, ბორის პაიჭაძისა და სლავა მეტრეველის შემდეგ) საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის “დინამოს” მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის “დინამოს” სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით ყიფიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2014 წელს ყველაზე ავტორიტეტულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ მისი დაარსებიდან 80 წლის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენები დაასახელა. გამოკითხვის შედეგებით, მამაკაცებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ყიფიანი აღიარეს.
2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას.
დავით ყიფიანის სახელს ატარებს საქართველოს საფეხბურთო თასი და გურჯაანის ცენტრალური სტადიონი.
დავით ყიფიანი გარდაიცვალა 2001 წლის 17 სექტემბერს 50 წლის ასაკში. მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის “დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით.
მიმაგრებული სტატიები