საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, ანტალ იაკობაშვილმა უნგრეთის ნაკრებში თამაში ამჯობინა.
“ჩვენი სურვილი იყო, რომ „დინამო არენაზე“ გვეთამაშა. ძალიან საწყენია, რომ ეს ვერ მოხერხდა. სტადიონს ამჟამად არ შეუძლია, პირველ იარუსზე გულშემატკივარი მიიღოს. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ნაკრები კვლავ „დინამო არენაზე“ ითამაშებს.
ჯერ კიდევ პლეი-ოფის თამაშებამდე ვესაუბრეთ ანტალ იაკობაშვილს და გვსურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ უარი თქვა. რამდენიმე დღის წინ კი შეგვატყობინა, რომ არჩევანი უნგრეთის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა“, – განაცხადა იაშვილმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას 7 სექტემბერს ჩეხეთთან მატჩით იწყებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთს შეხვდება.