საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებზე და ნაკრების სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
“ჩვენი მიზანი “დინამო არენაზე” თამაშია, მაგრამ გვსურს, რომ სტადიონის ტრიბუნები სრულიად შეივსოს. რაც შეეხება ბათუმში დაგეგმილ თამაშს, გვსურს, ნაკრები მატჩებს მხოლოდ თბილისში არ ატარებდეს.
ნაკრების ბაზა ტაბახმელას სპორტული ცენტრი არ იქნება, მაგრამ სურვილი გვაქვს, საკუთარი მოსამზადებელი ცენტრი გვქონდეს, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდი მოემზადება, მათ შორის ქალთა ნაკრებიც.
ირანში არსებული სასაზღვრო პრობლემების შესახებ გიორგი გველესიანს ველაპარაკეთ. ყველანაირად დავეხმარებით, რომ ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლაში ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა იაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე, ჩვენი გუნდი ალბანეთს უმასპინძლებს.